ვხედავ, რომ ოჯახი გამოძიების მიმართ სერიოზულ უკმაყოფილებებს გამოთქვამს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა მათთან – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ბაჩალიაშვილების ოჯახთან შეხვედრის სურვილი თავად თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა გამოთქვეს.
“მე ვხედავ, რომ ოჯახი გამოძიების მიმართ სერიოზულ უკმაყოფილებებს გამოთქვამს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა მათთან. ვიმედოვნებ, რომ შეხვედრაზე ადვოკატიც იქნება, რომ სამართლებრივ საკითხებზეც ვისაუბროთ. სახალხო დამცველსაც აქვს თავისი მანდატის ლიმიტები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე შევჯერდეთ, როგორ, რა ფორმით შეიძლება ჩავერთოთ ამ საქმის გამოძიების პროცესში”. – ამბობს ომბუდსმენი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.