გუშინ, თბილისში პატრულის მანქანა ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 12 წლის ბავშვი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თუმცა, არასრულწლოვნის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტს პროკურატურა გამოეხმაურა. მათი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)
გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.