მარიამ კუკუნაშვილი „მეტრონომთან“ მინისტრის ფსიქოპორტრეტს ხატავს და მის კანონდარღვევებს ქრონოლოგიურად აღწერს
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ირგვლივ მორიგი სკანდალი აგორდა. მარადიულ მინისტრზე წლების განმავლობაში მიდის საუბრები, რომ მისი აქტიურობები და ინიციატივები იმ წითელი ხაზების კვეთასთანაა ახლოს, სადაც კანონისა და ადამიანის უფლებების დარღვევა იწყება. სამოქალაქო სექტორში მზადდება სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიდეს და დიდი შანსია, წარსულში, მის მიერ სხვა წაგებულ პროცესთა რიცხვს კიდევ რამდენიმე მიემატოს. რამდენიმე იმიტომ, რომ „მეტრონომი“ დაუკავშირდა და ინტერვიუ თხოვა ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების ქსელის ხელმძღვანელს, მარიამ კუკუნაშვილს, რომელიც ასევე ამზადებს სარჩელს წულუკიანის წინააღმდეგ და აცხადებს, რომ სტრასბურგამდე მივა და პროცესს აუცილებლად მოიგებს, რადგან მინისტრი არღვევს კანონს და ადამიანის უფლებებს.
„მეტრონომი“: ქალბატონო მარიამ, რა ხდება, იქნებ აუხსნათ მკითხველებს, როგორ და საიდან დაიწყო ყველაფერი?
მარიამ კუკუნაშვილი: როდესაც წულუკიანი გახდა იუსტიციის მინისტრი, სულ რამდენიმე დღეში დამირეკა მისმა თანაშემწემ და მთხოვა მასთან შეხვედრაზე მივსულიყავი იუსტიციის სამინისტროში. საკმაოდ თბილი და მეგობრული შეხვედრა იყო, თუმცა შეხვედრის შინაარსი სრულიად გაუგებარი ჩემთვის, რადგან ლაპარაკობდა ყველაფერზე და თან არაფერზე. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უბრალოდ ჩემი გაცნობა უნდოდა. შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, მისმა თანაშემწემ კიდევ დარეკა და მაცნობა, რომ წულუკიანს სურდა ჩემი მიწვევა ექსპერტად, იუსტიციის იმ საბჭოში, რომელიც ჯანდაცვის საკანონმდებლო ბაზაზე იმუშავებდა. შეთავაზებას დავთანხმდი და მითხრეს, რომ დამატებითი დეტალებით დამიკავშირდებოდნენ როგორც კი საბჭო შეიკრიბებოდა და მუშაობას შეუდგებოდა. თუმცა შემდეგ გავფრინდი უცხოეთში რამდენიმე თვიანი ვიზიტით, ტელეფონიც გამორთული მქონდა და შესაძლოა სწორედ ამან გაანაწყენა მინისტრი მისი იმ ფსიქოლოგიური პორტრეტიდან გამომდინარე, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ.
„მეტრონომი“: რა მოხდა შემდეგ? როგორც ჩვენ ვიცით, მინისტრის მიერ გამოცემული პერიოდული თუ ყოველკვარტლური ბრძანებები, საკმაოდ დიდ დაბრკოლებებს უქმნიდა სფეროს, რომელშიც თქვენ წლებია მოღვაწეობთ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში?
მარიამ კუკუნაშვილი: პირველი ბრძანება, რომელიც მან მიიღო, ეხებოდა იმას, რომ პაციენტებს, სუროგატ დედებსა და კვერცხუჯრედის დონორებს ერთ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერათ ხელი ნოტარიუსში ემბრიონის შექმნამდე. ეს ბრძანება ისე აამოქმედა, სრულებითაც არ გაითვალისწინა ის ფაქტი, უამრავ პაციენტს ემბრიონები უკვე შექმნილი რომ ჰქონდა. ამიტომ ამ ემბრიონებიდან გაჩენილი ყველა ბავშვი და მშობელი სასამართლოს კარზე დააყენა წლობით. მიუხედავად მასთან გაგზავნილი უამრავი წერილისა ჩვენი დარგის სპეციალისტების მხრიდან, ის მაინც ვერ მიხვდა, რომ აღნიშნული ბრძანება არღვევდა პაციენტების კონფიდენციალურობის უფლებას და ჰაერში ტოვებდა იმ უამრავ ქართველ თუ უცხოელ პაციენტს, რომელთა ემბრიონები უკვე არსებობდა ორმხრივ ნოტარიულ ხელშეკრულებებთან ერთად (პაციენტსა და სუროგატს შორის და პაციენტსა და დონორს შორის). მან რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისი არ იყო, და სამივე მხარეს, მაინცდამაინც ერთ ხელშეკრულებაზე უნდა ჰქონოდა ხელი მოწერილი. ამაოდ ვეძებდით იმ კვერცხუჯრედის დონორებს, რომელთა ბიოლოგიური მასალითაც იყო ემბრიონები შექმნილი ერთი, ორი თუ კიდევ უფრო მეტი წლის წინ, რათა ხელახლა მოგვეწერინებინა მათთვის ხელი ამჯერად სამხრივ ნოტარიულ ხელშეკრულებებზე, მაგრამ დონორებს ვერ ვპოულობდით და წლების განმავლობაში გვიწევდა პაციენტების გადამისამართება სასამართლოში დაბადების მოწმობების ასაღებად. ამან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენ რეპუტაციას უცხოეთში და ძალიან დააზარალა დარგი, ისევე როგორც დიდი მორალური ზარალის ქვეშ დადგნენ გაურკვევლობაში ჩავარდნილი ის ქართველი თუ უცხოელი პაციენტები, რომლებიც ვერ იგებდნენ, რატომ იდგნენ სასამართლოს კართან ჩვილი ბავშვებით, ან რის პრევენციას ახდენდა ამით მინისტრი. არადა, ყველა მშობელს ჰქონდა იუსტიციის სახლში წარდგენილი დნმ-ის ტესტი თუ ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა.
მოხდა ისე, რომ აღნიშნული ბრძანების გამო მომდევნო ორი წლის მანძილზე 80%-ით შემცირდა უცხოელი პაციენტების რაოდენობა საქართველოში. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი. თუმცა ორი წლის შემდეგ, როდესაც გაყინული ემბრიონები ამოვწურეთ, მოვახერხეთ ახალ ბრძანებასთან მორგება და სფერო ხელახლა ამოვიყვანეთ იმ გასაჭირიდან, რაშიც წულუკიანმა ჩაგვაგდო.
„მეტრონომი“: კარგით, რა იყო წულუკიანის შემდეგი ბრძანება, რაიმე პრევენციას ემსახურებოდა ის? შეგიძლიათ ქრონოლოგიურად აღწეროთ მის მიერ მიღებული ბრძანებები?
მარიამ კუკუნაშვილი: მისი მორიგი, გაუაზრებელი, უფლებადამრღვევი ბრძანებები არანაირ კავშირში არ იყო რაიმე პრევენციასთან და სრულ შეუსაბამობაშიც იმყოფებოდა მედიცინასთან და ბიოტექნოლოგიურ მიღწევებთან. ჩამოგითვლით:
ბრძანება ნომერი მეორე: როდესაც ემბრიონები მოდის უცხოეთიდან, მას მოყვება უცხოური კლინიკის მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის ემბრიონები. წულუკიანმა განვითარებული ქვეყნების კლინიკების მიერ გაცემული აპოსტილირებული დოკუმენტები არ იკმარა, და ახალი ბრძანების თანახმად მოითხოვა, ემბრიონების შემქმნელი ექიმის საცხოვრებლის დამადასტურებელი აპოსტილირებული დოკუმენტი, ლეგალიზებულ პასპორტის ასლთან ერთად. ამაზე კი ექიმები უარს აცხადებდნენ და ვერ იგებდნენ მათი პირადი მონაცემი რატომ იყო საჭირო, როდესაც კლინიკების მიერ იყო გამოგზავნილი ლეგალიზებული დოკუმენტები. შედეგად ჩვენ დავკარგეთ უამრავი პაციენტი და ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით. პასუხი კითხვაზე კი, თუ რის პრევენციას ახდენს ექიმის საცხოვრებლის დამადასტურებელი ცნობა, დღემდე არ მაქვს.
ბრძანება ნომერი მესამე: ამ ბრძანების თანახმად, წულუკიანმა შეზღუდა გაყინული ემბრიონების შენახვის ვადა 10 წლის ვადით. ეს იმ ვითარებაში, როდესაც „ეფლი“ და მსხვილი კორპორაციები ახალგაზრდებს უფასოდ სთავაზობენ საკუთარი გენეტიკური მასალისა თუ ემბრიონების კრიოპრეზერვაციას (ცოცხალი უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების გაყინვის მეთოდი ნულზე დაბალ ტემპერატურაზე), რათა მათ აიწყონ კარიერა და შეძლონ ოჯახის დაგეგმვა წლების შემდეგ. აღნიშნული ბრძანება პრობლემას ბევრ იმ ჩემნაირ პაციენტსაც უქმნის, რომლებსაც ერთი, ან მეტი შვილი უკვე ჰყავთ ინვიტროს მეთოდით, თუმცა, წლების შემდეგ სურთ მეორე, მესამე ან მეოთხე ბავშვის ყოლა. ეს ბრძანება იმ ახალგაზრდა ონკოპაციენტებსაც ზღუდავს, რომლებიც ქიმიოთერაპიის წინ ემბრიონებს ყინავდნენ, რადგან ქიმიოთერაპიის შემდეგ სრულიად გამოუყენებელია პაციენტების გენეტიკური მასალა.
არ მესმის, რის პრევენციას ემსახურება წულუკიანის ეს ბრძანებაც იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას. როცა 2002 წლიდან დღემდე, საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონით არის შემცირებული. შობადობის საშუალო მაჩვენებლით სხვა ქვეყნებს 7-ჯერ ჩამოვრჩებით და როდესაც ESHRE – ეს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტს ესაჭიროება ინვიტრო განაყოფიერება, დონაცია და სუროგაცია. ეს კი წელიწადში დაბადებულ დამატებით 5 000 ბავშვს ნიშნავს. თუმცა ჩვენი მთავრობა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ინვიტრო განაყოფიერებას არ აფინანსებს და იმათაც კი, ვინც დიდი ტანჯვითა და წვალებით ახერხებს დამხმარე რეპროდუქციული სერვისებით სარგებლობას, მინისტრი პრობლემებს უქმნის და ხელოვნურ ბარიერებს უწესებს. მერე გამოდის, და ურცხვად აცხადებს, რომ თურმე ინვიტროთი და სუროგაციით მოსახლეობის მხოლოდ 2% სარგებლოს და ამიტომ ბარიერები უნდა შექმნას იმ მოტივით, რომ ის 2 %-იც არაფერია, მთავარია უცხოეთში გასაზრდელი ბავშვების ბედი დაიცვას. ანუ გამოდის, რომ ბრიტანეთის, ამერიკის, კანადის და სხვა განვითარებული ქვეყნის მოქალაქეებსა და ჩვილ ბავშვებს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა ვერ დაიცავს და თეა წულუკიანის დასაცავი სჭირთ რამე.
წულუკიანს ავიწყდება ის ფაქტი, რომ ჩვენი უცხოელი პაციენტები მხოლოდ ჩვენ კი არ გვიხდიან ფულს, არამედ ტაქსის მძროლებს, ნოტარიუსებს, სასტუმროებს, სილამაზის სალონებს, სამშობიაროებს, რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს და ასე შემდეგ. მას არც ის სუროგატი დედები მიაჩნია ალბათ ქართველებად ან ადამიანებად , რომლებიც რომ არა ჩვენი საქმიანობა, დიდი ხანია სახლებიდან გამოყრიდნენ ქირის გადაუხდელობის გამო. არც მათი დამშეული შვილები ადარდებს მინისტრს, რადგან ის უცხოეთში გასაზრდელი ბავშვების ბედით უფროა დაინტერესებული.
ბრძანება ნომერი 4: რომლის თანახმადაც კვერცხუჯრედის დონორის გამოყენების შემთხვევაში, პაციენტიც და დონორიც ვალდებული არიან ნოტარიუსთან საჯარო აქტი გააფორმონ და მთელი საქართველოსთვის გახდეს ცნობილი ბავშვის ბიოლოგიური წარმომავლობა. პოპულიზმით დაკავებული მინისტრი სულ არ ფიქრობს იმაზე, რამხელა სავალალო შედეგები მოყვება ამას, იმის გამო, რომ ბიოლოგიურ წარმომავლობას ბავშვები სკოლაში ერთმანეთს წამოაძახებენ, ერთმანეთს დახოცავენ, ან შესაძლოა სუიციდამდეც კი მივიდეს არაერთი მშობელი თუ ბავშვი.
ბრძანება ნომერი 5: ინვიტრო განაყოფიერების კლინიკებს უცხოელი პაციენტების მიღება 2021 წლამდე აგვიკრძალა, რის გამოც არამხოლოდ სფერო ღაფავს სულს, არამედ იმ უსახსროდ დარჩენილ ქართველ პაციენტებსაც ვეღარ ვეხმარებით, რომლებსაც სიხარულით ვაფინანსებდით სწორედ უცხოელი პაციენტების მიერ გადახდილი თანხებიდან თუ მიღებული მოგებიდან. უამრავი ჩემს მიერ დაფინანსებული ქართველი მშობელია, რომელებსაც ერთი ლარიც არ დაუხარჯავთ ისე გახდნენ მშობლები და რომლებიც ნებისმიერ გადაცემაში წამომყვებიან აღნიშნული სიმართლის დასადასტურებლად. დარწმუნებული ვარ, სხვა კლინიკებიც უკეთებენ შეღავათებს პაციენტებს სწორედ იმავე მიზეზით, თუმცა ამჯერად ამას ვეღარ შევძლებთ რადგან გაჩერებულ სფეროს ახლა საფიქრალი მხოლოდ ის აქვს, როგორ გადაიხადოს ხელფასები და როგორ გადაარჩინოს თანამშრომლები სამსახურის დაკარგვისგან.
ბრძანება ნომერი 6: ზემოთაღნიშნულ ალოგიკურ, უსამართლო და უკანონო ბრძანებებს არ დასჯერდა, და ამჯერად უკვე გადაწყვიტა, რომ წყვილი შვილის ყოლას სუროგაციით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ისინი ქორწინებაში, ან ფიქტიურ ქორწინებაში იმყოფებიან და ამას ნოტარიულად დაასაბუთებენ. ამავე ბრძანების თანახმად, იმ გაყინულ ემბრიონებს, რომლებიც მსგავსი საბუთის ქონამდეა შექმნილი, პაციენტები ვეღარ გამოიყენებენ.
და მაშინ, როცა მთელი საქართველო ფეხზე დადგა მისი მორიგი, დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციური ბრძანების წინააღმდეგ, გამოვიდა და ურცხვად განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩვილი ბავშვებით ვაჭრობას აქვს ადგილი და ამით თავზე გადაუარა მთელ სამართალდამცველ სტრუქტურებს. მსგავსი აზრების გასაჟღერებლად ინსპირაციას ალბათ იმ ქვირულანტი თამარ ხაჭაპურიძის პოსტებიდან იღებს, რომელმაც მოსამართლეს სცემა და ამჟამად ბრიტანეთშია მიმალული, რომ 9-წლიან სასჯელს გადაურჩეს. ეს ის პერსონაა, რომელსაც წლები შეჰყავდა საზოგადოება შეცდომაში და ათას სიბინძურეს ავრცელებდა ჩემზე, რომლის მიერ შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, თავად წულუკიანმა მისცა ინტერვიუ ჟურნალისტებს ამ ორიოდე წლის წინ და განაცხადა, რომ გამოძიება ჩატარდა და არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ვიდეო-ინტერვიუ დღემდე დევს ინტერნეტ-სივრცეში.
დაბნეულ და საკუთარი, არაპროფესიონალური ბრძანებების ქსელში გახლართულ მინისტრს ბოლო არგუმენტად ისევ პოპულიზმი დარჩა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ინტერესები ჩვენსას მხოლოდ იმიტომ არ ემთხვევა, ამით თურმე ფულს ვაკეთებთ. თითქოს კომუნიზმში ვცხოვრობდეთ და ბიზნესი მოგებაზე არ უნდა მუშაობდეს, სახელმწიფოს გადასახადებს არ უნდა ვუხდიდეთ და ათასობით დასაქმებულიც არ უნდა არსებობდეს და ისინი უმუშევრები უნდა დარჩნენ, რადგან ასე ნებავს წულუკიანს.
„მეტრონომი“: აპირებთ თუ არა სფეროს წარმომადგენლები ბრძოლას, როგორ და რა გამოსავალს ხედავთ შექმნილი ვითარებიდან?
მარიამ კუკუნაშვილი: სამწუხაროდ, სფეროს წარმომადგენლებს დღემდე გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ უარესს გვიზამს და ჯობს ისევ ის მოლაპარაკებები ვცადოთ, რომელიც ყოვლად არაეფექტური აღმოჩნდა 8 წლის მანძილზე. არ იციან რა წულუკიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, ზოგი იმასაც ფიქრობს, ისინი მხოლოდ იმიტომ იჩაგრებიან, რომ წულუკიანი მე მიხდის სამაგიეროს და გაუგებარია რისთვის?!
პირადად მე რაც შემეხება, ვაპირებ ბრძოლას როგორც სფეროს წარმომადგენელი და ასევე როგორც ის პაციენტი, რომლის ემბრიონები ოფიციალურ ქორწინებამდეა შექმნილი, რომელიც 10 წელზე მეტია გაყინულია და რომლითაც ჩემს შვილებს დედმამიშვილს ვერ გავუჩენ, ან ქვეყანას კიდევ ერთ ბავშვს… ისინი გადაყრას ექვემდებარებიან მხოლოდ იმიტომ, რომ წულუკიანის ბრძანებებში ვერ მოთავსდნენ. მე შემაქვს სექტემბერში სარჩელი, რომელიც სტრასბურგში გასაჩივრებას ექვემდებარება და აუცილებლად დავამტკიცებ, რომ ქვეყანას ჰყავს კანონისა და უფლებების დამრღვევი იუსტიციის მინისტრი. თუმცა ჩემი ბრძოლა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მერწმუნეთ, მარკეტინგისა და პიარის უბადლო მცოდნე გახლავართ, რომლის მსგავსი, ვფიქრობ იშვიათად მეგულება არათუ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში, ვინაიდან წლები დავუთმე ამ სფეროს შესწავლას. მე წულუკიანს გამოვუცხადე საინფორმაციო ომი და მის ისედაც დანგრეულ იმიჯს ფსკერამდე დავიყვან!
„მეტრონომი“: ორჯერ ახსენეთ უკვე წულუკიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი. იქნებ აგვიხსნათ რას გულისხმობთ?
მარიამ კუკუნაშვილი: ჩემი ამჟამინდელი საქმიანობის მიუხედავად, პროფესიით გახლავართ ლიცენზირებული ექიმი ფსიქოთერაპევტი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტი. ამჟამად გავდივარ 5-წლიან დიპლომისშემდგომ განათლების კურსს გეშტალტფსიქოთერაპიაში. აქედან გამომდინარე, ჩემი კომპეტენცია მაძლევს იმის საშუალებას თამამად ვთქვა, რომ წულუკიანი არის მოსაზღვრე მდგომარეობის მქონე ადამიანი. მას აქვს Borderline Personality Disorder და ეს ნებისმიერი ფსიქოლოგისთვის, გაშლილი ხელისგულივით ნათელია. ასეთები კი, შესაბამისი თერაპიის გარეშე გამუდმებით იმყოფებიან ზღვარზე ფსიქოზსა და რეალობას შორის. ხასიათდებიან რა ემოციების დისრეგულაციით, ისინი სრულ რეპრესიასა და განდგომას აკეთებენ ემოციებიდან და არ გააჩნიათ ემპათიის უნარი. ბორდერლაინებისთვის დამახასიათებელია დიდი დოზით ბრაზი და აგრესია, რასაც ვერ აცნობიერებენ, რასთანაც იდენტიფიკაციასაც ვერ აკეთებენ და პროვოცირებასაც გამუდმებით ახდენენ გარემოზე. ისინი ანგრევენ და ანადგურებენ ყველაფერს რაც შეხვდებათ ცხოვრებისეულ თუ პროფესიული კარიერის გზაზე.
ამ ყველაფრის შესახებ მე ბიძინა ივანიშვილსაც ვაცნობე მისი ყველაზე ახლობელი ადამიანის საშუალებით. ჩვენ, დარგის წარმომადგენლებს გვაქვს დახურული ჩატი, სადაც ის ექიმებიც კი, რომლებიც ექთნებსა თუ სანიტრებს სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ უშვებდნენ, რომ ისინი ნაციონალები იყვნენ, ახლა წერენ, რომ არ უნდათ „ოცნება“ წულუკიანის გამო და სვამენ კითხვას – ამაზე უარესი ჩვენი სფეროსთვის ვინღა უნდა მოვიდესო.