“ოპოზიციასთან მოლაპარაკებისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ თბილისის გარეთ, უკლებლივ ყველა ოლქში კანდიდატის დაყენებას აპირებდა, ამიტომ ამაში მოულოდნელი არაფერი არ არის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციასთან მოლაპარაკების დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ თბილისის გარეთ, უკლებლივ ყველა ოლქში კანდიდატის დაყენებას აპირებდა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ გვსურდა, შეთანხებული კანდიდატები ყოფილიყო. ამიტომ ამაში მოულოდნელი არაფერი არ არის.
უკლებლივ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ასევე ვიბრძოლებთ ჩვენც იმისთვის, რომ ერთიანი ოპოზიციური ძალისხმევით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ყველა სხვა დანარჩენ კანდიდატთან, მათ შორის ოპოზიციურ კანდიდატებთან ჯანსაღ კონკურენციაში ვართ. იმედი მაქვს, „ევროპულ საქართველოს“ ექნება სერიოზული წარმატება ამ არჩევნებში.
მე კონკურენტებს არ ვაფასებ. მე ამომრჩეველს ველაპარაკები და ვცდილობ, ახმეტაშიც, თელავშიც, ლაგოდეხშიც და ყვარელშიც უკლებლივ ყველა ადამიანს გავაგებინო, რა არის ჩვენი გეგმა, როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ისე კონკრეტულად კახეთისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.