“სიონის ტაძარში პურის და სანოვაგის დარიგების ვიდეო ვრცელდება, სადაც ხალხი ლამის ერთმანეთს ხელიდან გლეჯს საჭმელს. აქ არის ოთხი მომენტი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქგვერდზე თეოლოგი ბასილ კობახიძე წერს.
“1. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია და მშიერია. განა ეს უცნობი ფაქტია? აქ დასაცინი ან შესაზიზღებელი არაფერია.
2. ხალხი რომ უკიდურესად გაჭირვებულია ამაში მთავარ დამნაშავე პოლიტიკურ კლასთან ერთად, თავისი ბრალი მიუძღვის სამღვდელოების კასტასაც. ამიტომ მრისხანება მათ უნდა მიემართებოდეს და არა მათ მიერ გაღარიბებულ ხალხს.
3. სამღვდელოების კასტამ ვერ მოახერხა სანოვაგის ისეთი ფორმით დარიგება, რომ ადამიანის ღირსება არ შელახულიყო, ამიტომ დასაგმობი ეს კასტაა და არა გაჭირვებული ხალხი.
4. გაჭირვებული ხალხისათვის, ეკლესიაში დარიგებული სანოვაგე არამარტო საკვებია, არამედ ნაკურთხი, წმინდა, საკრალური საჭმელი, რომელსაც სასწაულებრივი და სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითისთვის ასეთ სცენებს ვხედავთ წყალკურთხევაზეც, ნაკურთხი წყლის დარიგებისას. აქ დამნაშევეა სამღვდელო კასტა, რომელმაც რწმენა გაანივთა ქვებში, ხეებში, წყაროებში, კალმახებში, მიწებში, ტყეებში, ოქროებში, ფულებში. ასევე ეკლესია, რომელიც უნდა იყოს მორწმუნეთა ერთობა, სოლიდარობა, ურთიერთსიყვარული და ზრუნვა, მამაოებმა გადააქციეს გათითოკაცებული ქრისტიანების ინდივიდუალური ”რელიგიური მოთხოვნილებების” დაკმაყოფილების ბიუროდ. ამიტომ გასაკიცხი აქაც სამღვდელოების კასტაა და არა გაჭირვებული ხალხი”, – წერს ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ მედიასივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა – სიონში მარიამობის წირვის შემდეგ, მრევლს სხვადასხვა პროდუქტი დაურიგდა.