ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქმე ეხება გადაცემა “ფსკერს,” სადაც პირველი არხის და გადაცემა ახალი დღის ლოგოები და ვიზუალური შეფუთვა უცვლელი სახით გამოიყენეს. კომუნიკაციების კომისიის განმარტავს მიზეზს, რატომ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, “ფორმულამ” საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა.
მათი თქმით, საქმის მასალებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ “ფორმულას” მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ახალი დღის ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება.
ცნობისათვის, საავტორო უფლებების ნაწილში ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი კომისიამ წარმოებაში 20 აგვისტოს მიიღო. საქმე გადაცემა “ფსკერის” საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ იუმორისტულ სატირულ სკეტჩს ეხებოდა.
“პირველი არხი” მიიჩნევდა, რომ “ფორმულამ” საავტორო უფლებები დაარღვია და მარეგულირებელი კომისიისგან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვდა.