2008 წლის 8 აგვისტოს ღამით საქართველოს მიერ განხორციელებული თავდასხმისა და ომის საშინელი დღეების შემდეგ ჩვენი გაუტეხელი ხალხი დიდ მოლოდინში ცხოვრობდა: გადაიდგმებოდა თუ არა გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ახალ სამხედრო ავანტიურამდე საიმედო ბარიერს შექმნიდა,- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ხალხი საკუთარ მომავალს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს.
“პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადება, რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, ნამდვილ საერთო ეროვნულ დღესასწაულად იქცა”, – აღნიშნა ბიბილოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის “დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ გამოცხადების წლისთავს აღნიშნავენ. რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.