საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა. ტელევიზიის თანამშრომლები შენობაში უკვე შეუშვეს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ ზარის ავტორი იდენტიფიცირება მოხდა.
“შენობა მთლიანად შემოწმებულია. როგორც სამართალდამცავებმა გვითხრეს აქ ყოფნა და მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოა. შესაბამისად, ჩვენი ჟურნალისტები უკვე შეუდგნენ მუშაობას და 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავა. დარწმუნებული ვარ, ზარის ავტორი იდენტიფიცირებული იქნება” – აღნიშნა მან.
დღეს ტელევიზიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ შენობაში ბომბი იყო. ანონიმური ზარის შემდეგ, შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე ამ დრომდე შს სამინისტროს კინოლოგიური სამსახური მუშაობდა.