ფონიჭალის კამერებში დაფიქსირებული სამი მანქანა, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილს მისი გაუჩინარების დღეს უკან მიყვებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მანქანებია. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია საკუთარ გადაცემაში აჟღერებს. მისივე თქმით, პროკურორმა 23 წლის ახალგაზრდა ქალის დედა მოატყუა, რადგან ბაზაში უმარტივესია ნებისმიერი მანქანის მფლობელის დადგენა, მათ კი საკუთარი წყაროებით შეძლეს დაედგინათ ვისია ეს მანქანები და ეს არის სუს-ის მანქანები.
“სამივე ეს მანქანა არის სუს-ის ოპერატიული მანქანა. უთვალთვალებდნენ თუ არა ისინი თამუნა ბაჩალიაშვილს სამივე ერთად, ეს გამოძიების დასადგენია, თუმცა ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება, ორ ვიდეოში ეს ჩანს. ხვალ რაც არ უნდა თქვას პროკურორმა, როგორც არ უნდა გააფორმოს და გადააფორმოს, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მანქანები.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ძალიან ბევრი მტკიცებულება დაგროვდა უკვე საიმისოდ, რომ ეს არ არის არათუ თვითმკვლელობა, ეს არ არის მხოლოდ მკვლელობა, ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით მომხდარი მკვლელობა. ჩემმა კოლეგამ დავით ქაშიაშვილმა თავის დროზე პირველმა განაცხადა, რომ აქ იყო ჩარეული 3 მაღალჩინოსანი.
ჩვენ არ ვიცით რამდენი მაღალჩინოსანი იყო ჩარეული საქმეში, ჩვენი ინფორმაციით თამარ ბაჩალიაშვილი გამოყენებულ იქნა ანგარიშებიდან ფულის მოხსნის მიზნით. რამდენიმე მილიონს ეხება საქმე და შემდეგ იგი უბრალოდ მოიშორეს. ჩვენ გვაქვს ეჭვები რომელი კომპანიის ანგარიშებიდან მოიხსნა ეს ფული. ეს კომპანია ალბათ ხვდება რომ მას ვგულისხმობ და ვურჩევ ღიად ისაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ დავასწრებთ და ვისაუბრებთ ამის შესახებ.
ჩვენი ინფორმაციით, აიძულეს ბაჩალიაშვილი მოეხსნა დიდი თანხები და გადაერიცხა მათ ანგარიშებზე. მალე გვეცოდინება ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თამუნა ბაჩალიაშვილი აიძულა ასე მოქცეული ყო და ასე დასრულებულიყო მისი ცხოვრება, ანუ ვინ მოკლა ბაჩალიაშვილი“– ამბობს გვარამია.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.