ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

დიმიტრი ხუნდაძე თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება.

დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ინფექციური საავადმყოფოს როლი შეუცვლელია, თუმცა, პაციენტების მიღების შეწყვეტა, შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი არ არის.

„ვფიქრობ, ბატონი თენგიზის ამდაგვარი პასუხი განაპირობა არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ და კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ჩემმა გამონათქვამმა. პირველ რიგში, მინდა, დავადასტურო ბატონი თენგიზის, როგორც პიროვნების, ასევე უდიდესი პროფესიონალის მიმართ პატივისცემა. ინფექციური საავადმყოფოს როლი არის შეუცვლელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, პაციენტების მიღების შეწყვეტა არ არის საუკეთესო გამოსავალი.

მე ვფიქრობ, რომ სამინისტროსთან და მის ხელმძღვანელობასთან ერთად მოგვარდება ის პრობლემები, რაც არსებობს და ინფექციური საავადმყოფო გააგრძელებს თავისი შეუცვლელი როლის შესრულებას. თუ კი საჭირო იქნება კომიტეტის ჩართულობა, რა თქმა უნდა, კომიტეტიც ჩაერთვება. გუშინ სტაციონარში ვიმყოფებოდი, ჯანმრთელობის გამო, არ მქონდა საშუალება, ბატონ თენგიზთან გამესაუბრა. დღეს დილიდან ვცდილობდი მასთან გასაუბრებას, მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს, თუმცა აუცილებლად მოვახერხებ, რომ ბატონ თენგიზს მივაწოდო, არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი საკითხი, რამაც გარკვეულწილად მისი გაღიზიანება გამოიწვია, არამედ ის, რაც მე რეალურად ვთქვი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში არსებულ ვითარებასა და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე.

იტვირთბა....