გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრების, ოჯახის და ადვოკატის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის წევრები მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში შეხვდებიან ოჯახს და ეტაპობრივად მიაწვდიან საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს და ექსპერტიზების შედეგებს. ასევე, მოხდება ოჯახის მიერ მოწოდებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების შესწავლა და ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
დღეს, ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.
საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით.
პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.
საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.
საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან კონსულტაციებს გააგრძელებს და საზოგადოებას ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.