პოლიციამ ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებისა და მეპატრონის დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.
“რუსტავი2”-ის ინფორმაციით, ბრალდებული 2001 წელს დაბადებული, ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღებას ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.