აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო დახმარებას ითხოვს. საქმე იმაშია, რომ რუსეთიდან შემოსული სტუმრების გამო კორონავირუსის ინფექციის მკვეთრი აფეთქება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტები ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, მხოლოდ ერთ დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ით ინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა, რაც სამჯერ მეტია მაგალითად, წინა „სარეკორდო მაჩვენებელზე“.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთთან ე.წ. საზღვარი 1 აგვისტოს გაიხსნა. გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელად მიიღეს მოსახლეობის პროტესტის საწყის ეტაპზე, რომლებიც რუსეთთან საზღვრის გახსნას ითხოვდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 17 აგვისტოსთვის, რუსეთიდან მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი შემოვიდა. მანამდე კი ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა მწვავედ გააკრიტიკა ექიმების განცხადება და მათ „პანიკიორები“ უწოდა. უფრო მეტიც, ექიმებს სამსახურის დატოვება შესთავაზა, ხოლო ე.წ. მინისტრის ე.წ. მოადგილე ალხას კონჯარია, რომელიც ე.წ. საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებით გამოვიდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“გუდაუთის საავადმყოფო შევსებას იწყებს. ყოველდღიურად, ინფიცირების ბევრ შემთხვევას ვავლენთ და უკვე ამ ეტაპზე გვესმის, რომ დაავადებულთა ასეთ ნაკადთან გამკლავება ძალიან რთული იქნება“. – წუხან აფხაზეთში, რადგან მათ კარგად იციან, რომ რუსეთი, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით, წამყვან ადგილზეა.