ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, პოლიტიკაში წასვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” სანდო წყარომ მიაწოდა.
წყარო ამბობს, რომ მაღლაფერიძეს პოლიტიკური გეგმები აქვს, სწორედ ამიტომ მიიღო “საზოგადოებრივი მაუწყენლობიდან” წასვლის შესახებ გადაწყვეტილება. არაა გამორიცხული, ვასილ მაღლაფერიძე წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში ვიხილოთ.
ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდობიბის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს უკვე მიმართა.
“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო და ნებისმიერ ობიექტურ და თავად მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეუძლია დარწმუნდეს, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაქსიმალურად მიუკერძოებელი, ჟურნალისტები სარგებლობენ მაქსიმალური თავისუფლებით, და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობით არიან გამსჭვალულები, რათა მაყურებელს არ მიაწოდონ გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია.
მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ,”- ნათქვამია განცხადებაში.
თათია შაიშმელაშვილი