ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

64 წლის “ფოსტალიონი” ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – რა მოხდა შუახევში

შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში 64 წლის ნოდარ დავითაძე ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა.

როგორც ირკვევა, ნოდარ დავითაძემ ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა.

ოჯახის ახლობლის თქმით, თანხა დაახლოებით, 5-6 ათასი ლარი იქნებოდა. მათივე ცნობით, ნოდარ დავითაძე ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს.

“ბოლოს ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო. მეორეს უთქვამს, ისედაც მკვდარიაო. ფაქტიურად, მაგათგან მოკლულია. ტელეფონიც დაუმტვრიეს. მერე, როცა გონს მოვიდა, როგორღაც მოახერხა ხიდან მოხსნა და შორიახლოს მდგომ სახლში მისვლა. იქედან დარეკეს“, – გვიყვება ნოდარ დავითაძის ახლობელი.

დაზარალებულს მრავლობითი ტრავმები აქვს თავის და ზურგის არეში. ახლობლების ინფორმაციით, ის ამბობს, რომ თავდამსხმელები ვერ ამოიცნო. ის ამ დროისთვის შუახევში, კლინიკაში იმყოფება.

ნოდარ დავითაძე წლებია სოფლებს შორის ფეხით გადაადგილდება პენსიის დასარიგებლად. ის სოციალურად დაუცველია და ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემაც აქვს.

ლიბერთი ბანკში მათი თანამშრომლის, გამსვლელი მოლარის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ნოდარ დავითაძეს შშმ პირებთან დაჰქონდა პენსია. ბანკის განმარტებით, მათთვის უცნობია, რა ოდენობის თანხა გაიტაცეს ყაჩაღებმა. ბანკში დასძინეს, რომ ამ ფაქტის გამო არც ერთი პენსიონერი არ დაზარალდება და კუთვნილ თანხას ყველა მიიღებს.

იტვირთბა....