“ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? ფაქტი ჯიუტია და დასკვნის გაკეთება არ უჭირს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროპაგანდა საზოგადოების მცირე ნაწილზე ზეგავლენას მაინც ახდენს. საზოგადოების ამ ნაწილს ვთხოვდი, ფაქტების და შედეგების მიხედვით შევაფასოთ უახლოესი წარსული და ის დიდი ტრაგედია, რაც ქვეყანას დამართეს. როდის იყო პროპაგანდის საფუძველზე ადამიანს სწორი დასკვნა გამოჰქონდა?!“
სოფო კილაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
იგი გამოეხმაურა დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.