საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფიცირებულებს საქართველოს მასშტაბით ქობულეთიდან ერთი ადამიანი შეუერთდა.
პაატა იმნაძის ინფორმაციით, ინფიცირებულია ქალი, რომელიც კაფე “ჰავანაში” მუშაობდა და ის თბილისიდან იყო ჩასული.
“დაფიქსირდა ჩვენთვის არასასიამოვნო შემთხვევა – ინფიცირების შემთხვევა ქობულეთში. ქალბატონი თბილისიდან არის ქობულეთში ჩასული. არის ასეთი კაფე “ჰავანა” ქობულეთში, სადაც ინფიცირებული მუშაობდა. უკვე ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა იზოლაციაშია გადაყვანილი. მაგრამ, 9,10, და 11 აგვისტოს ვინც იმყოფებოდა ამ კაფეში მინდა გავაფრთხილოთ, რომ ფრთხილად იყვნენ. და თუ ოდნავ მაინც რაიმე სიმპტომი ექნებათ მიმართონ კლინიკას”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს.