განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან თითო კლასში მაქსიმუმ 29 ბავშვი დაიშვება.
„მაქსიმალური რაოდენობა კლასში ეს არის 29 მოსწავლე და იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ინფრასტრუქტურა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 1-მეტრიანი დისტანცია დაიცვას მოსწავლეებს შორის, ეძლევათ მოქნილობის შესაძლებლობა და უფლება, თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი,“ – ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შემუშავდა.
სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ:
თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა, თუმცა ეს დრო არ უნდა იყოს 30 წუთზე ნაკლები; განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ); განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები.
რეკომენდაციების თანახმად, მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება.
სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი.
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება. ამასთან დაკავშირებით განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.