“ლეიბორისტული პარტია” აპირებს, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ გაატაროს რეფორმა, რომლის თანახმადაც, პედოფილიაში ბრალდებულთა სასჯელის უმაღლეს ფორმად იძულებითი ქიმიური კასტრაცია უნდა განისაზღვროს, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“პედოფილია – ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ფორმა, თანამედროვე მსოფლიოს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.
საქართველოში ბოლო დროს კრიმინალი მეფობს და დანაშაულის სხვა ფორმებთან ერთად მზარდია პედოფილიის შემთხვევებიც.
ოფიციალური მონაცემები:
2017 წელი-პედოფილიის 174 შემთხვევა,
2018 წელი-287 შემთხვევა.
დღესდღეობით კი არც ხორციელდება მონაცემების აღრიცხვა.
ვხვდებით დანაშაულის ისეთ მძიმე ფორმასაც, როცა დაზარალებული 4 წლისაა!
გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან პედოფილიაში ბრალდებულის შეწყალების მავნე პრაქტიკაც.
ყოველივე ამაზე დაყრდნობით, საქართველოს ლეიბორისტული პარტია აპირებს, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ გაატაროს რეფორმა, რომლის თანახმადაც, პედოფილიაში ბრალდებულთა სასჯელის უმაღლეს ფორმად იძულებითი ქიმიური კასტრაცია განისაზღვროს , მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აშშ, პოლონეთი, ესტონეთი, გერმანია, დანია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, უკრაინა და სხვა.
გვჯერა, ამ კანონსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შევძლებთ ამ დანაშაულის რისკის შემცირებას”, – წერს შალვა ნათელაშვილი.