საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია აცხადებს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგება კოალიციური მთავრობა “ქართული ოცნების” გარეშე, მაშინ მისგან სრულიად ბუნებრივი იქნება პრეტენზია ლიდერობაზე ამ კოალიციის შიგნით. მისი თქმით, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ან მიხეილ სააკაშვილი ან პიროვნება, ვისზეც სააკაშვილს გადამწყვეტი გავლენა ექნება.
“უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს ორი დიდი „თუ“. იმისთვის, რომ ასეთი კოალიცია შედგეს, უნდა დაკმაყოფილდეს ორი პირობა: (1) ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში მეტი მანდატი მოიპოვონ, ვიდრე “ოცნებამ” და მისმა სატელიტებმა; (2) ამ პარტიებმა უპირატესობა მიანიჭონ კოალიციას, სადაც მთავარი მოთამაშე „ნაციონალური მოძრაობაა“, იმის მაგივრად, რომ კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“ შევიდეს. ანუ, თუნდაც თუ შესრულდა (1), ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ შესრულდება (2). ასეთია მოცემულობა” – აღნიშნავს სოციალურ ქსელში ნოდია.
ნოდია სვამს კითხვას – მოლოდინი, რომ „ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი იქნება მიხეილ სააკაშვილი, ან ფიგურა, ვისაც ის გააკონტროლებს (ან ვისზეც იფიქრებენ, რომ მისგან კონტროლირებადია), აძლიერებს თუ ამცირებს იმის შანსებს, რომ შესრულდეს ჯერ პირობა (1), მერე კი პირობა (2)?
“მე მგონი, ის ორივე პირობის შესრულებაზე ნეგატიურად იმოქმედებს. „ოცნების“ ყველა წინასაარჩევნო კამპანია იმ გზავნილზეა აგებული, რომ ის ერთადერთი ძალაა, ვინც „ნაცების დაბრუნებას“ უდგას წინ. რაღაც ზომით, ეს გზავნილი მუშაობს. წარმოდგენა, რომ „ოცნების“ დამარცხება ნიშნავს ისეთი მთავრობის მოსვლას, რომელიც, ფაქტიურად, „ნაცებისა“ იქნება, გაადვილებს ამ გზავნილის ამჯერადაც გაყიდვას”. – აღნიშნავს ნოდია.
რაც შეეხება მეორე პირობას, მისი აზრით, თუ „ოცნება“ და მისი სატელიტები მანდატების უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, ამის შემდეგ დაიწყება დიდი პოლიტიკური ვაჭრობა და ამ ვაჭრობაში ივანიშვილს ყველაზე მეტი ექნება შესათავაზებელი.
“ეს არ ნიშნავს, რომ ის მოიგებს – პოლიტიკაში ფული ყველაფერს არ ნიშნავს – მაგრამ მის გარეშე კოალიციის შექმნა მარტივი ამოცანა არ უნდა გვეგონოს. “ნაციონალური მოძრაობის“ (და პირადად სააკაშვილის) თუნდაც დასაბუთებული პრეტენზია, რომ, როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, მას უბიძინო კოალიციაში უპირობო ლიდერის როლი ეკუთვნის, გაადვილებს თუ გააძნელებს ასეთი კოალიციის შექმნას? თუ პირიქით, ბიძინას გაუადვილებს საქმეს”? – წერს ნოდია.
მისი აზრით, სიტუაცია პარადოქსულია, თუ მიხეილ სააკაშვილისთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს, საუკეთესო, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, ისაა, რომ უკრაინაში თავის ამოცანებს მიხედოს და საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში რაც შეიძლება ნაკლები მონაწილეობა მიიღოს. ნოდიას მიაჩნია, რომ კიდევ უკეთესი იქნება, თუ სააკაშვილი გაიმეორებს ადრე ნათქვამს, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობაზე პრეტენზია არ ექნება.