“საპარტნიორო ფონდი“ კომპანია “თელასის“ კაპიტალში სახელმწიფოს კუთვნილ 24,5%-იან წილს ყიდის. წილის გასასხვისებლად საჯარო აუქციონი გამოცხადდა, რომელიც 9 სექტემბერს გაიმართება. “მეტრონომი” დაინტერესდა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფომ საკუთარი წილის გასხვისებასთან დაკავშირებით და როგორ განვითარებდება მოვლენები კომპანიაში ახალი ბიზნესპარტნიორის შემოსვლით.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფოს უკვე წინასწარ ჰყავდეს შერჩეული პიროვნებები, ვინც “თელასის” წილს შეიძენს და საქმე კორუფციასთან გვქონდეს. თუმცა, როგორც გოცირიძე “მეტრონომთან” აცხადებს, უმჯობესია, აქუქციონის დასრულებას დაველოდოთ და შეფასებები შემდეგ გაკეთდეს. ამ მომენტისთვის კი ფრაქციის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო კომპანიის წილის გაყიდვა ვერ მოხდება.
“ვერ გეტყვით, რატომ გადაწყდა კომპანიის წილის გასხვისება. როგორც ამბობენ, ეს არის მთავრობის დადგენილება. უნდა დაველოდოთ შედეგებს. არც ისაა გამორიცხული, წინასწარ იყვნენ შეთანხმებული კონკრეტულ პირებთან, ვინც ამ წილს შეიძენენ. არც ისაა გამორიცხული, დარჩენილი წილი თავად ამ კომპანიის დანარჩენი წილის მფლობელმა – “ინტერ რაო”-მ შეიძინოს. და თუ ეს კომპანია არ შეიძენს, დაველოდოთ აუქციონს.
ვფიქრობ, რომ კომპანიის წილის გასხვისება ვერ მოხდება. კურსი გაუფასურებულია, ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი, მე მგონია, ვერ გაიყიდება,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა საფრთხე, წილის ახალი მფლობელის შემოსვლით ტარიფები შეიცვალოს, გოცირიძე ამ ვარაუდს გამორიცხავს.
“მეტრონომმა” იგივე კითხვებით თავად საპარტნიორო ფონდსაც მიმართა, სადაც დაადასტურეს, რომ კომპანიის წილის გასხვისება მთავრობის გადაწყვეტილებით ხდება, ხოლო რა არის წილის გაყიდვის მიზეზი, ამაზე კომენტარს ვერ აკეთებენ..
“რატომ გადაწყვოტეს წილის გასხვისება, ამას საპარტნიორო ფონდი არ წყვეტს. ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და ჩვენც მთავრობის განკარგულების ფარგალებში ვმოქმედებთ”- განაცხადეს საპარტნიორო ფონდში.
ცნობილია, რომ თავად კომპანია “ინტერ რაო” აუქციონში მონაწილეობას არ გეგმავს. ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ გახდება “თელასის” ახალი ინფესტორი, ეს 9 სექტემბერს, აუქციონის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, „თელასის“ აქციათა 75%-ს რუსული კომპანია „ინტერ რაო“ ფლობს, ხოლო დანღენილ კაპიტალს – სახელმწიფო. სწორედ ამ წილის გასხვისებას გეგმავს საჯარო აუქციონით „საპარტნიორო ფონდი“.
საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით შესაბამისად.
თათია შაიშმელაშვილი