პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებას შეძლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე უკვე მოქმედებს, 10 სექტემბრიდან კი პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ანალოგიური სისტემა ძალაში შევა.
„პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია. ასევე, დეტალური ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეცაა განთავსებული. ან აპლიკაციის მეშვეობით, ძალიან მარტივად შეიძლება მისი ჩამოტვირთვა, იხილავთ, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ზონალურ-საათობრივი პარკირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილები საცხოვრებელი ზონების მიხედვით უნდა დაარეგისტრიროს იმისთვის, რომ პარკირების სისტემით უფასოდ ისარგებლონ.
„პარკირების საფასური ელექტრომობილების მფლობელებისა და შშმ პირებისთვისაც უფასო იქნება. სტუმრად მისული ადამიანები თანხას გადაიხდიან. ყველა რაიონში ანალოგიური მიდგომა იქნება, მაგრამ რაიონების, უბნებისა და ქუჩების მიხედვით, განსხვავებული ტარიფი დაწესდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს. პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ყაზბეგის გამზირზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ბექას ქუჩის კვეთამდე).
ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია, მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ დააპარკინგოს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტის მეშვეობით, ID ბარათით, ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.
ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი – www.tp.ge, მობილური აპლიკაცია – TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).