ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჩვენი სტატიები

ბაჩანა შენგელიას იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შეაქვს

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში იბრძვის, ახალ სარჩელს ამზადებს. ამის შესახებ შენგელიამ “მეტრონომთან” ისაუბრა.

შენგელიას თქმით,  ის სარჩელს ამზადებს იუსტიციის სამინისტროს იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს საქმიანობის დროს კორონავირუსის გამო დაწესებული წესები დაარღვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“სასამართლოს გადაწყვეტილებას ნამდვლად ველოდებოდი ივლისის ბოლოს, მაგრამ ამ დრომდე ჯერ არაა გადაწყვეტილება ცნობილი. მაგრამ, შესაძლოა, სექტემბერში უკვე დადგეს შედეგი. ახლა კიდევ ახალი სარჩელი შეგვაქვს. როდესაც პროგრამა იყო გათიშული, მაშინ იყო დეტალი, რომ პროგრამის გამორთვა მოხდა კოვიდთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო. ჩვენ არანაირი წესი არ დაგვირღვევია, შესაბამისად უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, იმ კვირაში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეგვაქვს,”- აცხადებს ბაჩანა შენგელია.

კითხვაზე, სანოტარო საქმიანობა აღდგენის შემდეგ ხომ არ ხდება ზეწოლა, ანდა ხელის შეშლა საქმიანობაში, შენგელია აცხადებს, მსგავსი ზეწოლა არ ფიქსირდება, თუმცა სამინისტრომ მას “ფეისბუკ” პოსტების გამო საყვედური გამოუცხადა.

“მას შემდეგ, რაც საქმიანობა დავიწყე, იუსტიციის სამინისტრომ იმ ფეისბუკ სტატუსთან დაკავშირებით საყვედური გამომიცხადეს, ანუ, ჩემი პოლიტიკური ფეისბუკსპოსტების გამო საყვედურ გამომიცხადეს და ამას ცალკე ვასაჩივრებ საქალაქო სასამართლოში,”- აცხადებს ბაჩანა შენგელია.

ამასთან, ვრცელდება ინფორამცია, რომ შესაძლოა, ბაჩანა შენგელია პოლიტიკაში წავიდეს, თუმცა ნოტარიუსი ამ მოსაზრებას უარყოფს.

“ამ დროისთვის არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ამ წუთში ასე ვფიქრობ,”- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

შეგახსენებთ,  ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა წელს 18 ივნისს შეუჩერდა – ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ბაჩანა შენგელიამ მისი საქმიანობის შეჩერების გამო სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა და მან  სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს მოუგო. საქალაქო სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო პროგრამებთან წვდომის აღდგენა, თუმცა ეს გადაწყვეტილება დაგვიანებით შესრულდა, რაზეც ბაჩანა შენგელიამ სარჩელი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა. იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, მიზეზად კი პოლიტიკურად მოტივირებული ფეისბუკპოსტი დაასახელა.

თათია შაიშმელაშვილი

 

იტვირთბა....