ახალქალაქში დაპირისპირების შემდეგაც, ისევ სპეცრაზმია მობილიზებული. 27 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში რჩება. მისი ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა გადამალეს, თავად კი ამბობს, რომ მის სიცოცხლეს გისოსებს მიღმა საფრთხე ემუქრება. ბრალდებული პირადი უსაფრთხოების დაცვისთვის პატიმრობაში დარჩენას თავად ითხოვდა, თუმცა მკვლელობას არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ახლობლების მხრიდან განმეორებითი შურისძიების საშიშროების გამო, ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. სად იმყოფებიან გაბრიელიანები, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ახმაურებს.
სისხლიანი დაპირისპირება 8 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყო. შედეგად ახალქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ 27 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მას გულის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული. ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.