გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ზ.ხ-ს ადვოკატი გიორგი გელხაური მიიჩნევს, რომ პროკურატურის დღევანდელი გადაწყვეტილებას აბსურდია, რომლის თანახმადაც, ზ.ხ-სა და “ტოიოტა ქემრის” კიდევ 4 მგზავრს ბრალი დაუმძიმდა. ადვოკატის თქმით, იმ მტკიცებულებებით, რომლებიც გამოძიებას ამ დრომდე აქვს მოპოვებული, ზ.ხ-ს ბრალეულობა არ იკვეთება.
“იმ მტკიცებულებებში, რომლებიც ამ დრომდე მოპოვებულია გამოძიებაში, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, არ არსებობდა მსგავსი სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა აღნიშნული ბრალის დამძიმება. მივიღებთ ამ მტკიცებულებებს და მერე თქვენთან ერთად გავივლით დეტალურად.
არ ვიცი, ბრალდება რაზე საუბრობს და რაზე დაყრდნობით მოახდინა ბრალის დამძიმება. ზ.ხ დასაწყისშივე იძახდა, რომ ის და ვასილ მახარაძე წავიდნენ მანქანის მოსაყვანად ფერადი შენობიდან და ამის შემდგომ მოიყვანეს მანქანა და იქ დახვდათ ამირხანაშვილი” – თქვა გეხაურმა.
ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია “ტოიოტა ქემრის” მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის საკუთარი ვერსია და შესაბამისი ვიდეო-რეკონსტრუქცია წარუდგინა.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.