ე. წ.“კასრების კადრების“ გავრცელებას რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის რედაქტორი, გადაცემების წამყვანი და ბლოგერი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეხმაურება და წერს, რომ სინამდვილეში საქართველოში პოლიტიკა არ არსებობს და ქვეყანას ძალაუფლების მოყვარული კასტა მართავს:
„რეალურად, ჩვენთან “პოლიტიკა” არ არსებობს. არც პოლიტიკოსები. არსებობს ძალაუფლებას მოწყურებული კასტა, რომელიც ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი – ადამიანების უსასტიკესი წამება და მერე ამის გულგრილი გაპრავება–უარყოფა იქნება ეს, თუ წამების ვიდეოების ფრიალით ამ საზარელი დანაშაულის უხამსობამდე დაყვანა და გაუფასურება. ჩვენ – საზოგადოება – თამაშის ნაწილი ვხდებით, როცა ვმსჯელობთ პოლიტიკურ პროცესზე, ერთმანეთს ვადარებთ პოლიტიკურ “ძალებს” – ვინ უფრო მემარჯვენეა და ვინ მემარცხენე, აშ და აშ. ამგვარი დისკუსიებით ეს კასტები მართლაც “პოლიტიკოსებად” წარმოგვიდგება. მაგრამ ეს არ არის პოლიტიკა, ამასთან არაფერი აქვს საერთო იდეებს, ღირებულებებს, დისკუსიებს, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან მოლაპარაკებას, თუ საზოგადოების მოწყობაზე ან ქვეყნის მართვაზე მსჯელობას. კი, ცალკეული გამონაკლისები და რამდენიმე გონიერი ადამიანი ხელისუფლებებში და პარტიებშიც გვხვდება, მაგრამ მთლიან სურათს ეს არ ცვლის. ჩვენთან პოლიტიკა არ არსებობს“ – წერს სალომე ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ ე. წ.“კასრის კადრები“ – წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო 17 ოქტომბერს, უკრაინულმა პორტალმა tube.ua-მ გაავრცელა. ეს კადრები 2013 წლის 15 ივნისს დაწყებული გამოძიების შედეგად ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწაში დამარხული რვა კასრში იპოვნეს, სადაც ფირებთან ერთად დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა.