ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეს ამბავი ასე არ დამთავრდება, სამი წელია კონფლიქტი გრძელდება” – ცნობილი ხდება ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი

ახალქალაქში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილობრივები 8 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ. მომხდართან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება.

ერთ-ერთი ვერსიით, 27 წლის ვართან ვარანიანის მკვლელობა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. კერძოდ, ადგილობრივები ამბობენ, რომ ვარანიანმა რამდენიმე წლის წინ სასტუმროს საფასური გადაიხადა, მოგვიანებით კი, მფლობელმა ის სასტუმროში არ შეუშვა. მათი თქმით, ამის გამო მხარეებს შორის კონფლიქტი მოხდა და მათ წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

მეორე ვერსიით, დაპირისპირება რამდენიმე წლის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, სადაც დაპირისპირებული მხარეების მეგობრები მონაწილეობდნენ.

პირველი კომენტარი გააკეთეს იმ პირებმა, რომელთა ქონებაც დარბევის დროს დაზიანდა. ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდის თანასოფლელები სავარაუდო მკვლელის ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახლებს დაესხნენ თავს.

როგორც თავდასხმის შედეგად დაზარალებული “კურიერთან” აცხადებს, მას ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა, ამიტომ ოჯახის წევრები სახლიდან გაიყვანა. ახლა მათი მთავარი მოთხოვნა ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯაა.

“მანქანებით მოვიდნენ ბიჭები და გამაფრთხილეს, შენი სახლის დასაწვავად მოდიანო. ოჯახის გაყვანა მოვასწარი, მეც მეზობელთან გავედი და მალევე ყვირილით მოვარდნენ, ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 წელი ვაგროვებდი და აღარაფერი დარჩა” – განაცხადა “კურიერთან” ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

კიდევ ერთი დაზარალებული აღნიშნავს, რომ “ეს ამბავი ასე არ დამთავრდება.”

“სამი წელია კონფლიქტი გრძელდება, სამას კაცამდე იყვნენ, უნდა დაისაჯოს ყველა. ჩემი შვილი შემთხვევით შეესწრო ამბავს, წაქცეული დაინახა, ის წამოაყენა, ამის გამო მოგვივარდნენ და დაგვარბიეს” – უთხრა “კურიერს.”

სისხლიანი დაპირისპირება 8 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყო. შედეგად ახალქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ 27 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მას გულის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული. ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

იტვირთბა....