ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესისა და პოლიტიკის სამმართველო „ტვიტერის“ რუსულენოვან გვერდზე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებით რუსეთისგან ჯარების გაყვანასა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს.
„12 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. დახოცა ასობით ადამიანი და გამოდევნა ათასობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან.
რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 %. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები და შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც აიღო 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.