რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მედვედევის თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა “ნაძირლების ქმედებებს უპასუხა”.
“დღეს 12 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებას უპასუხა. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ, ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება გასცეს. ასევე ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის მშვიდობის მყოფელებს, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფდნენ და იცავდნენ ქართული სოფლების მოსახლეობასაც.
საკითხი შეეხებოდა ომის წამოწყებას რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მივიღე რთული, თუმცა ერთადერთი მთავარი გადაწყვეტილება – დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თავდაპირველად დამეცვა ისინი აგრესიისგან, ხოლო შემდგომში, მათივე მოქალაქეების მოთხოვნით მეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამიერკავკასია დენთის კასრად იქცეოდა, რაც რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა. რუსეთი ყოველთვის დგას და იდგება, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეზობელ სახელმწიფოებში. ამასთან, მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს თავის მოქალაქეებზე თავდასხმას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს” , – წერს დიმიტრი მედვედევი ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.