კომპანია „ზეგის“ ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე კომპანიის ხუთი თანამშრომლის ბინის ჩხრეკას ეხება.
კომპანიის ადვოკატის განცხადებით, განჩინებაში არ იყო დასაბუთებული, თუ რა შემხებლობა ჰქონდათ ამ პირებს საქმესთან.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ გუშინ კომპაია „ზეგის“ რამდენიმე თანამშრომლის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. ეს განჩინება პირველი აგვისტოთი იყო დათარიღებული. შვიდ აგვისტოს ჩაატარეს ჩხრეკა, მაგრამ ამ განჩინებაში დასაბუთება ვერ ვნახეთ, იქ ფაქტობრივი მოთხოვნები ამ პირებთან მიმართებით არაფერი იყო მითითებული. თანამშრომლებიდან, რომელთა ბინებშიც ჩხერეკა ჩატარდა, ერთი დირექტორია, მეორე ამ ფირმის დამფუძნებელი, მაგრამ დანარჩენები რის მიხედვით შეარჩიეს, ვერ გეტყვით“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია “ზეგ”-ის თანამშრომლების სახლებში რამდენიმესაათიანი ჩხრეკა გუშინ ჩატარდა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამომძიებლებმა საგამოძიებო მოქმედება ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ჩაატარეს. დაილუქა რამდენიმე კომპიუტერი. მისამართებზე მისულ სამართალდაცმველებს არ დაუკონკრეტებიათ, რის საფუძველზე მიმდინარეობდა სამუშაოები. ერთადერთი, რაც მათ წარადგინეს, იყო მოსამართლის ნებართვა, რომ კერძო საკუთრებაში შესულიყვნენ.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს ექსპერტიზაზე მისვლის შემდეგ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდათ. როგორც მათ განუმარტეს, მობილურის შესწავლა 24 ივლისს დაიწყო და ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა ოჯახსა და ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.