ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორ დაიწყო ომი საქართველოში – გახარიას კომენტარი

“აგვისტოში რუსეთმა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, ასე დაიწყო ომი საქართველოში”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აგვისტოში ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, არამედ ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი.

„რაც შეეხება ომის საკითხს, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აგვისტოში რუსეთმა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად, დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ. ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. ჩვენ როცა ოკუპირებული ტერიტორიების 20 პროცენტზე ვსაუბრობთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, ეს მიწაზეა მხოლოდ საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ ამ ომის შემდგომ 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი. ეს არის ამ ომის შედეგი.

ახლა რაც შეეხება მომავალს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი პოლიტიკა, გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა ქვეყანაში მოხდეს განვითარება. მშვიდობა ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

იტვირთბა....