ახალი ამბები მთავარი

“წლის ბოლომდე კიდევ 2 000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს” – გახარია

დღეს, არის 7 აგვისტო, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე, დღე, როცა დაწყებულმა ომმა ჩვენ დაგვაკარგვინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ჯარისკაცები, დაგვაკარგვინა საქართველოს ტერიტორიის 20% , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დევნილებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელთაც საცხოვრებელი სახლები გადასცა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, წლის ბოლომდე კიდევ 2 000 დევნილს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.

„რა თქმა უნდა, უაღრესად სიმბოლურია, როცა დღეს, რუსეთის მიერ 12 წლის წინ ოკუპირებულ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვზრუნავთ და ჯერ კიდევ უამრავი დევნილი გვყავს, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს ზრუნვა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ზღვაში წვეთია, როცა დღეს ასეთი სიხარულით ბავშვებთან ერთად და პირველ რიგში, ბავშვების გამო ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს, ადამიანებს, რომლებსაც ამ ომის შედეგად მოუწიათ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და რომლებიც დღემდე არიან ჭერის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, მაგრამ ამ ბავშვების მომავლისთვის უნდა გავაგრძელოთ და ასეთი დღეებიც უნდა ვიზეიმოთ.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის შემდეგ სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 000-ზე მეტი საცხოვრისი და წელს, წლის ბოლომდე კიდევ 2 000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს, ეს მაინც არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, საქართველოს თითოეული მოქალაქის, გარდა იმისა, რომ ვიზრუნებთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტულ ცხოვრებაზე, უნდა ვიზრუნოთ, რომ ყველანი ერთად, მშვიდობით დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ძველ სახლებში და ეს დაგვრჩეს აქ, როგორც დამატებითი საჩუქარი.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, არ არსებობს სხვა გზა, მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათი განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით.

საქართველოს ყველა ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს, წლების განმავლობაში, საბოლოო მიზნის მიღწევამდე და ეს მიზანი არის ქვეყნის სრული დეოკუპაცია, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიდგეთ ერთად, ეს ის მიზანი უნდა იყოს, რომელმაც უნდა გააერთიანოს საქართველოს თითოეული მოქალაქე. გილოცავთ ამ დღეს და ამ ბავშვების სიხარული მინდა გავაზავოთ იმ მწუხარებით და იმ ქედის მოხრით, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ვაჟკაცები, რომლებმაც შეწირეს თავისი ძვირფასი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას და საქართველოს მთლიანობას. მინდა ამ ბავშვებს ვუსურვო პირველ რიგში, რომ ამ ქვეყანას აღარ დაჭირდეს სიცოცხლის გაღება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 251 დევნილ ოჯახს “დირსის” ახალაშენებულ კორპუსებში   ბინები გადასცა.

იტვირთბა....