ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა. ამასთან, პარტიის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზეც არ საუბრობენ. ამ ეტაპზე ისიც უცნობია, “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგენს თუ არა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი.
რა გავლენას იქონიებს ყოფილი პრეზიდენტის ფაქტორი ოპოზიციური პარტიისთვის? – ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ იმის შესახებ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკური რეიტინგი მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო აქვს და მის გარეშე საპარალმენტო არჩევნებში გამარჯვება, შეუძლებელია.
პარტიაში კულუარულად იმაზეც საუბრობენ, რომ ექსპრეზიდენტის სახელის გაჟღერება და მისი გამოყენება წინასაარჩევნოდ, “ნაციონალურ მოძრაობისთვის” ცალსახად წამგებიანია. გარკვეული ნაწილის თქმით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციამ გამარჯვება ვერ შეძლო. შესაბამისად, ეს ნაწილი თვლის, რომ პარტიამ მიხიელ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არ უნდა წარადგინოს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “მეტრონომთან” აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში გარკვეულ წარმატებას მხოლოდ სააკაშვილის ფაქტორის გამო აღწევდა. მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” წარუმატებლობა სწორედ ამაზე მეტყველებს, – “ნაციონალურ მოძრაობას” გამოყოფილი პარტია ექსპრეზიდენტის სახელის გარეშე წარმატებას ვერ აღწევს.
“სააკაშვილი ტიპიური ფიგურა არ არის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რასაც პოლიტიკაში ქარიზმატულობა ჰქვია. ყველაფერთან ერთად, ადამიანები მასზე შეყვარებულიც კი არიან. სააკაშვილის ფანების რაოდენობა არის ის, რითაც აქამდე “ნაციონალურ მოძრაობას” თავი გააქვს. ამიტომ არის, რომ სააკაშვილის უამრყოფმა პარტიებმა ვერ აიღეს იმ ხმების ნახევარიც კი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” იღებდა. ამ ხმებს პარტია სააკაშვილის სახელით იღებდა.
თუ ფანატების მეტ მობილიზებას მოახდენს (სააკაშვილი), მომგებიანი იქნება, მაგრამ ფართო საზოგადოების მეტ აგრესიულ უარყოფას გამოიწვევს” – თქვა საყვარელიძემ.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს გრიგოლ ვაშაძე, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ იგი გასულ არჩევნებში დამარცხდა.
“წესით ისევ ვაშაძე უნდა იყოს, მაგრამ, როგორც წესი, ერთხელ დამარცხებული ფიგურა, მეორედ არ უნდა გაიყვანო სარბიელზე. სხვები ნამდვილად ვერ მოახერხებენ, როგორც სააკაშვილის ფიგურა.
სააკაშვილი წააგებინებს იმიტომ რომ ძალიან ბევრში გააჩენს აგრესიას მისი ფიგურის გამოჩენა. დარჩება მხოლოდ ფანატების მცირე ჯგუფი, რაც არ ეყოფათ მოსაგებად” – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ “ქართულ ოცნებას” კონკურენციას “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ გაუწევენ, თუკი ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვა.
“ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე მეტი გავლენა ექნება “ნაციონალურ მოძრაობას,” რომელიც არის სააკაშვილი. ამომრჩეველი, რომელიც მხარს უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას,” იმის 90% მხარს უჭერს მხოლოდ იმიტომ რომ, სააკაშვილი მიაჩნია ყველაზე დიდ პოლიტიკოსად, – სააკაშვილს უჭერს მხარს და არა “ნაციონალურ მოძრაობას.”
ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 2016 წელს, როდესაც ორ ნაწილად გაიყო “ნაციონალური მოძრაობა.” ეს ჯგუფი გამოეყო, მაგრამ ელექტორატი შუაზე არ გაიყო. როგორც ჩანს, ოპოზიციამ არჩია ღია კარტით თამაში და ასახელებს სააკაშვილს” – განაცხადა “მეტრონომთან” ძაბირაძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის ალტერნატივას, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვინ შეიძლება წარადგინოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, რომ ასეთი ფიგურა დღეს ოპოზიციაში, კერძოდ, “ნაციონალურ მოძრაობაში,” არ არსებობს.
“თუ “ქართულმა ოცნებამ” რაიმე კატასტროფული შეცდომა არ დაუშვა, ისეთი, როგორიც მაგალითად გასული წლის 20 ივნისს მოხდა, რაიმე ბერკეტი, რომ ეს რეალობა შეიცვალოს, ოპოზიციას არ გააჩნია. სააკაშვილის ალტერნატივა “ნაციონალურ მოძრაობაში” არ არის და ვერც იქნება.
დღეს სააკაშვილმა უარი რომ თქვას ყველა იმ ფიგურაზე, რომლებიც მეტ-ნაკლეად “ნაცმოძრაობასთან” ასოცირდება, ეს ამომრჩეველი მაინც სააკაშვილთან დარჩება. ასე რომ, “ნაციონალურ მოძრაობას” სააკაშვილის ალტერნატივა ამ ეტაპზე არ ჰყავს” – გვითხრა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგიონებში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს და საკუთარი კანდიდატები წარადგინოს.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება. თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
თამარ შუკვანი