რაჭაში თითქმის ერთი კვირაა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. დღევანდელი მონაცემებით, უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა რვა სოფელთან. თუმცა, ხუთი დასახლება სამანქანო გზის გარეშე რჩება.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ყველა სოფელს აღუდგა. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე. შემოვლითი გზა მოწყობილია ღარი-ჯინჭვისის მიმართულებით. რაც შეეხება სოფელ გლოლას, იქ მდინარე ბოყოს კალაპოტის ფორმირება დასრულებულია. კურორტ შოვის ტერიტორიაზე შეკეთდა გზა.
ასევე დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ მონაკვეთზე და მიმდინარეობს სამუშაოები ჩაშლილი გზის აღსადგენად. ადგილზე მუშაობას აგრძელებს ზარალის დამდგენი კომისიაც.