ახალი ამბები მთავარი

რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოები გრძელდება

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობისათვის საჭირო დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობას აგრძელებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის, „ენერგო პრო ჯორჯიას” ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ყველა სოფელს.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ინტენსიური სამუშაოების შედეგად, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე. შემოვლითი გზა მოწყობილია სოფელი ღარი-ჯინჭვისის მიმართულებით. სოფელ გლოლაში დასრულებულია მდინარე ბოყოს კალაპოტის ფორმირება. სოფელ გლოლაში, შარდომეთსა და ნაკიეთში რეაბილიტირდა წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთები. კურორტ შოვის ტერიტორიაზე კი შეკეთდა დაზიანებული შიდასაუბნო გზა.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტირებულია სოფელ უწერას სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთების 80% და გრძელდება ძველ გლოლაში შიდასასოფლო გზის დაზიანებული მონაკვეთებისა და ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშაოები. აქტიურად გრძელდება სამუშაოები ქალაქ ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის აღდგენის მიზნით. ლაგვანთაში, ნაკიეთსა და ქალაქ ონში მიმდინარეობს დატბორილი სახლების წმენდა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ 127-ე და 128-ე კმ-ზე დაჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს გზის 129-ე კმ-ზე.

სარმის ხიდის მონტაჟის სამუშაოები გრძელდება სოფელ ხიდეშლებთან და სოფელ ლაგვანთასთან მისასვლელ გზებზე.

იტვირთბა....