გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ირკვევა რომ კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი “პრაიმტაიმთან” ყვება, ფესტივალზე ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა, რამაც ჟვანიას გაღიზიანება გამოიწვია. მისივე თქმით, მოგვიანებით, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, მის საცხოვრებელ სახლში წავიდა.
„ამის შემდეგ ბუსამ დაურეკა და უთხრა იმას (ყოფილი შეყვარებული) შენთან ერთად რა უნდოდაო. ლევანიმ უთხრა, მე სახლში ვარ და თუ რამე გაინტერესებს, მოდი და დავილაპარაკოთ. მერე რაც მოხდა კი იცით“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლევან თოფაძის მეგობარი.
მომხდარის დაახლოებით იგივე ვერსიაზე საუბრობს ბიზნესმენი გოგი თოფაძეც.
„მე არ ვიცი, მაგრამ რაც მითხრეს, ეს ქალბატონი და ეს ვაჟკაცი ვინც იყო, რამოდენიმე წელი იყვნენ ერთად, მერე თურმე, ერთმანეთს გაცილდნენ“, – განაცხადა თოფაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.