თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილით “ვოტსაპზე” 10:15 საათზე დაურეკეს და კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “შაბათის ფორმულა” ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას გახსნა საიდუმლო ფაილები, შედეგად კი მას ხელთ ქართველი სამი მაღალჩინოსნის შესახებ კომპრომატები აღმოაჩნდა. რა სახის კომპრომატები მოიპოვა ბაჩალიაშვილმა, უცნობია, მაგრამ საგამოძიებო ორგანოდან წყარო აცხადებს, რომ იმ დღის მერე 23 წლის გოგოს მისამართით ზარები და მუქარები დაიწყო. სწორედ ეს კომპრომატები გახდა 23 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი.
თამარ ბაჩალიაშვილს დილით “ვოტსაპზე” დაურეკეს და ლოკაციაც გაუგზავნეს, სადაც ის უნდა მისულიყო და ფაილები გადაეცა. ამასთან, წყაროს ცნობით, მას სპეციალურად ის ლოკაცია გაუგზავნეს, რომლითაც მარნეულის გზა უნდა გაევლო, რათა მისი გადაადგილება “ჭკვიან კამერებს” დაეფიქსირებინათ და ამით გამოძიებისთვის კვალი აერიათ.
“შაბათის ფორმულისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში უკვე გარდაცვლილი მას შემდეგ მიიტანეს, როცა მისმა ახლობლებმა აქციების გამართვა დაიწყეს და გზა გადაკეტეს. მანქანა კი ადგილზე მისაბმელით მიიტანეს.
შეგახსენებთ, 18 ივნისს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გაუჩინარდა. ის 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვნეს.