გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა.
ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მან ბიურო თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
„შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილმა 2020 წლის 1-ელ აგვისტოს დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლიბით ჩააბარა საექსპერტო ბიუროს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილს არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, არც ირიბი და არც პირდაპირი”, – აცხადებს ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი არასრულწლოვანთა საქმე, ასევე ცალკე არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანის საკითხი და ცალკე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.