საქალაქო სასამართლოში ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. თუმცა, ბიზნესმენ ირაკლი ღლონტს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს.
ღლონტს დარბაზი მას შემდეგ დაატოვებინეს, როცა მან პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ირაკლი ღლონტმა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას პროკურორს ლაწირაკი უწოდა. მან გააპროტესტა პროკურორის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ირაკლი ღლონტს ქალაქიდან გასვლის მცდელობა ჰქონდა.
„ლაწირაკი, პატარა ბავშვი ეს”, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ირაკლი ღლონტს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
შეგახსენებთ, 28 ივლისს, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირაკლი ღლონტიმ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლერი სულაბერიძის მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.