ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 96-ე შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა 7 საათს გაგრძელდა. მხარეები ერთმანეთს 11-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდნენ.
ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე. ხვიჩა მღებრიშვილის მისამართით გაჟღერებული ბრალდება, თითქოს ის ღამურების დასაჭერად იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული დე ფაქტო ცხინვალმა არ დაადასტურა. დღეს მიღებული ინფორმაციით მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასედავება.
რაც შეეხება 11 ივლისს დაჭრილ ზაზა გახელაძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქართული მხარის განმარტებით სროლა და ნებისმიერი ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან გარემოს უსაფრთხოებას აზიანებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტზე იმსჯელეს, რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში დაგროვდა.
,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რაც დაგროვდა ბოლო 11 თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხზე. მოგეხსენებათ, პირველივე დღიდან ჩვენ მოვითხოვეთ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლება, აღნიშნული გაჟღერდა ამ შეხვედრაზეც, გაჟღერდა პრინციპულად. ასევე, გაჟღერდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლება და საკუთარ ოჯახებში რაც შეიძლება მალე დაბრუნების აუცილებლობა.
ასევე, ვიმსჯელეთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, სხვა ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში. ასევე, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მთ შორის, რა თქმა უნდა ახალგორშიც. საუბარი შეეხო ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებსაც, რაც გახლავთ ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად მუშაობა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 24 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.