გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, თერთმეტთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 96-ე შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. ამასთან განიხილავენ დღემდე მომხდარ ინცინდენტებს.
შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით და ეუთოს მხარდაჭერით იმართება. მას დაესწრება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკა. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა იქნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მარეკ შჩიგელისთვის.
ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შარშან 30 აგვისტოს დე ფაქტო ცხინვალის ინიციატივით ჩაიშალა. მას შემდეგ 7 ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, სადაც განიხილეს ჩორჩანა-წნელისთან არსებული მდგომარეობა. ბოლო ასეთი შეხვედრა ნოემბერში გაიმართა.