რაჭაში უკვე მეორე დღეა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. დილიდან შეიკრიბა საგანგებო შტაბი, რომელიც 29 ივლისს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით შეიქმნა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლი აცხადებს, რაჭაში სამ ლოკაციაზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები და შესაძლებელია სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნების მიწოდება.
“იმ ადგილებზე, სადაც ამ დროისთვის გზის აღდგენა ვერ ხერხდება, მოეწყო სპეციალური მაგისტრალები, ასეთია სამი ლოკაცია, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას მიეწოდება პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტები” – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა.
ცნობისათვის, რაჭაში რამდენიმე სოფელი ისევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა. გიორგი გახარიასთან ერთად, სტიქიისგან მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.