ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გახარია ვერ იტანს გომელაურს, კალაძეს ლილუაშვილი, კობახიძე ნახევარი უმრავლესობისთვის გულყრას იწვევს, ყველას ერთად, ადამიანებად არ თვლის ივანიშვილი” – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ ცდება, როდესაც თვლის, რომ გამარჯვებისთვის მაჟორიტარებში გამსხვილება არ აწყობს.

როგორც უგულავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, არჩევნების მეორე ტურზე აქცენტის გადატანა სარისკოა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი ტურის შემდეგ 5,7 და 10 გამარჯვებული მაჟორიტარი იქნებოდა წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გამარჯვების მარშად გვექცია მეორე ტური. რვა წელიწადია ოპოზიციას არ გაუმარჯვია, კორცხელს და ნასაკირალს თუ არ ჩავთვლით. ოპოზიციურ ამომრჩეველს მომავალში წკიპზე გამარჯვება კი არ სჭირდება, სჭირდება გამარჯვება დაინახოს, რომ დაიჯეროს ეს გამარჯვება. ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია, რომ მეორე ტურზე ამხელა აქცენტის გადატანა სარისკოა. იმ ერთობას, რასაც ჩვენ ვცდილობთ, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ცდილობდეს. ეს არის დიდი პარტია, მაგრამ დიდი არ ნიშნავს ავტომატურად ძლიერს და ძლიერი ნიშნავს იმას, ვისაც ესმის ერთობის ფასი. მოდი პრაგმატულად ვთქვათ, ემოციებს და ალტრუიზმს რომ თავი დავანებოთ, ერთობით თუ ვინმე ძლიერდება, პირველ რიგში ძლიერი ძლიერდება. ჩვენ ცუდი გამოცდილება გვაქვს, 2016-2018 წლებში, როდესაც მეორე ტურში თუ 5 ნომერი 41-ის წინააღმდეგ დარჩა მარტო, სასწორი საით გადაიხრება არ ვიცით.

ჩვენ ვლაპარაკობთ ვითომ ერთიან ხელისუფლებაზე, სადაც გახარია ვერ იტანს გომელაურს, კალაძეს ვერ იტანს ლილუაშვილი, ყველას ერთად, ადამიანებად არ თვლის ივანიშვილი, კობახიძე ნახევარი უმრავლესობისთვის გულყრას იწვევს და ეს ხშირად ღიად ჩანს. ასე რომ, ასეთი ადამიანებისგან საუბარი არც მწყინს, იმიტომ რომ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს. ჩვენ ამ რვა წლის განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, მაგალითად გაუთლელი თავდაცვის მინისტრი როგორ ლანძღავდა გუნდის წევრ, ირაკლი ალასანიას. ამ ადამიანებმა არც გუნდურობა იციან, არც მეგობრობა, არც საჯარო პატივისცემა და თუ საჭიროა არც ნორმალური და საქმიანი კრიტიკა არ იციან“, – განაცხადა უგულავამ.

იტვირთბა....