“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების მეგობარი დაჩი ბუაძე საქართველოს დატოვებას აპირებს. მისი თქმით, ბუაძე 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, თუმცა მკვლელობიდან 40 დღის შემდეგაც კი ის არავის დაუკითხავს. კილაძის განცხადებით, ქვეყნის დატოვებას აპირებს ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
“ნიკა ჟვანიას მობილური ტელეფონის დეტალურად გაშიფვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ “სადამსჯელო რაზმის” ერთ-ერთ ხელმძღვანელი, სპეცოპერაციაზე, ანუ “ზონდერები გამოძახებით” წასვლის წინ, უბნიდან გასვლისას ურეკავს სწორედ დაჩი ბუაძეს შემდეგ, ჩვენ გავარკვიერთ ისიც, რომ დაჩი ბუაძეს არა მხოლოდ ურეკავს, არამედ მათ შორის შეხვედრაც შედგა. ამის მიუხედავად დაჩი ბუაძე დაკითხული არ არის.
დაჩი ბუაძის დაკითხვის მაგივრად, მე მაქვს ინფორმაცია, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილთან შედგა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების შეკრება, ის ერთ-ერთ უწყებაში დაიბარეს თუ შუამავალი მივიდა ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ავთო ბილანიშვილს, ისე დაჩი ბუაძეს, მოსთხოვეს, რომ ჯერ დატოვონ თბილისი, წავიდნენ თბილისიდან და შემდეგ, პირველივე რეისით ევროპის მიმართულებით დატოვონ საქართველო. გადავამოწმე მე ეს ინფორმაცია ბილანიშვილის მეზებლებთან და მეზობლები ამბობენ, რომ რამოდენიმე დღეა, ანუ კვირა საღამოს მერე, ავთო ბილანიშვილი აღარ გამოჩენილა სახლში, ისევე როგორც დაჩი ბუაძე თბილისში არ ჩანს.
მე, რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ სამართლებრივად მომხდარიყო ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და დაეკითხათ ისინი, მაგრამ როგორც ჩანს, ჟვანია მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჩვენებას არ მისცემს დაჩი ბუაძის წინააღმდეგ. მაგრამ ეს დე-ფაქტო რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს, ნიშნავს, რომ ნახალოვნკის კლასტერი უბრალოდ დაშლილია” – განაცხადა ელისო კილაძემ.
დაჩი ბუაძე კი “მთავარ არხთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოშია და ოჯახთან ერთად ისვენებს. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს რამდენიმე თვით ხშირად ტოვებს და არ გამორიცხავს, დასასვენებლად აგვისტოში ქვეყნის დატოვება ერთი კვირით მოუწიოს და უკან ისევ დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.