ლოგიკურია, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოკვეთილად იმ ქვეყნებზე გაიცეს, რომლებიც „სწორი მიმართულებით ვითარდებიან“ – ამის შესახებ “პენ-ბაიდენის ცენტრის“ მმართველი დირექტორმა, რუსეთის, უკრაინის, ევრაზიისა და ბალკანეთის მიმართულებით თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც კარპენტერი აცხადებს, საქართველოში კულისებიდან ოლიგაქრიული გავლენა ჩანს ეკონომიკაზე.
“ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი შემაშფოთებელი ტენდენცია და კონგრესის წევრებმა ეს ნახეს, როგორც – ყველა სხვამ. არ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციური პარტიების თუ ბიზნეს ინტერესების გამტარებელი ლობისტების საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე. ვხედავთ ზოგიერთი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც სავარაუდოდ გარედანაა ნაკარნახევი და პოლიტიზებულად გამოიყურება. ასევე ვხედავთ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ რეაგირებას სამოქალაქო პროტესტზე.
ვფიქრობ, მთლიანობაში, თუკი საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებს თუ სხვა კონგრესმენებს გამოკითხავთ, მათი უმეტესობა საქართველოს კვლავ დემოკრატიად მიიჩნევს. მათ აქვთ ოპტიმიზმის მიზეზი, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება. მე ვიმედოვნებ, რომ ქვეყანა წინ წავა ამ რთულ დროსაც კი რუსეთთან და მის აგრესიულ ქმედებებთნ დაკავშირებული გამოწვევების, ისევე როგორც კორონავირუსის პანდემიისა თუ ეკონომიკური რეცესიის პირობებში.
ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ეს გრძელდება. თუკი ეს ასე მოხდება, ურთიერთობაც განაგრძობს აყვავებას. ვიმედოვნებ შევძლებთ პარტნიორობის გაღრმავებას, განსაკუთრებით კი ეკონომიკური კუთხით, სადაც კვლავ გრძელი გზა გვაქვს.
უნდა ვნახოთ, რომ ის საკითხები, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოება ან ოპოზიცია წუხს, არის აღქმული და მათ გამოსასწორებლად არის ძალისხმევა და რეფორმები“, – განაცხადა კარპენტერმა.