„AFG-ის“ გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ბაჩალიაშვილს საფრანგეთში მნიშვნელოვანი შემოთავაზება ჰქონდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
„ახალი ბოღმიანი კითხვა და ინტერესი: საიდან ასეთ პატარა გოგოს ამდენი ფული? არა – ნიჭი; ენთუზიაზმი; მიზანმიმართულება; შრომისმოყვარეობა და სხვა ღირებულება… არა! საიდან ამდენი ფული?!
ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ თამარს საფრანგეთში ორი კომპანია სთავაზობდა მაღალანაზღაურებად სამსახურს მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, სადაც საშუალო ანაზღაურება 7 000-დან იწყება და 25 000-ს ცდება.
ამ მოლაპარაკების უშუალო მონაწილე ჩემი კოლეგა და მეგობარი პროფესორი ბრუნო ნარდინი გახლდათ, რომელთანაც რეკომენდაცია პირადად გავუწიე. ასაკის მიუხედავად თამარს აღმოაჩნდა ნიჭი და რესურსი ემუშავა ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამეცნიერო პროექტებში, რომლის დაძლევაც დიდი პრაქტიკის და ცოდნის სპეციალისტებს შეეძლოთ.
სამწუხაროდ მან უარი თქვა აღნიშნულ ეტაპზე საფრანგეთში დარჩენაზე. ასე, რომ სანახობის მოყვარულო მდედრნო და მამრნო, იმას კი ნუ კითხულობთ და ნერვიულობთ, საიდან ამდენი ფული? ის იკითხეთ და იმაზე ინერვიულეთ რომ მისი სახით დაკარგეთ „ახალი ტიპის“ ადამიანი, რომელიც ათასში ერთი იბადება.
თამარმა კომპიუტერული ტექნიკის ვაჭრობით კი არა, მაღალი ტექნოლოგიური მეცნიერების ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიაღწია მცირედს. დიახ ხაზს ვუსვამ „მცირედს“, რადგან მსოფლიოს შრომით ბაზარზე ის გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე მას უხდიდნენ. საკუთარ ოლიგარქს დაუთვალეთ თაღლითური გზით ნაშოვნი მილიარდები და არა 23 წლის გოგონას, რომლის ფრჩხილის ფასადაც არ ღირხართ!“- წერს ნუგზარ სულაშვილი.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.