19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ირაკლი წაქაძის ადვოკატის, პაატა გაბელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებული გახდა, ჩხუბში ჩართულიყო. მისი თქმით, ის კონფლიქტის მონაწილეების განრიდებას ცდილობდა.
აქვე გეტყვით, სწორედ ირაკლი წაქაძე არის 11 დაკავებულიდან ერთ-ერთი, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იგულისხმა ის, რომ იძულებული იყო ჩართულიყო პირველ ეპიზოდში – ჩხუბში, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოქმედებდა. ასე რომ ამას ვერ დავარქმევდი აღიარებას. რატომღაც, გამოძიება და ბრალდების მხარე ამას არც თანამშრომლობად, არც რაიმე სახის აღიარებად არ თვლის, არადა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ ის იძულებული გახდა, ჩხუბში ჩართულიყო. ის იძულებული გახადა გარემოებამ, რაც წინ უძღვოდა კონფლიქტს. საუბარია კიბის ეპიზოდზე, მაგრამ შეფასება ისე აქვს მიცემული, თითქოს, ის რაღაცას ურტყამს, არადა, ის არავის არაფერს არ ურტყამდა.
წაქაძე განარიდებდა თავის მეგობრებს, თავის გარემოცვას. ის ადასტურებს, რომ იძულებული გახდა ამ კონფლიქტში თუნდაც, იმ სახით მიეღო მონაწილეობა, რა სახითაც მიიღო. ჩემი შეფასებით ვამბობ, რომ ის კონფლიქტში მონაწილეობდა თუნდაც განრიდების მიზნით, თქვენ შეიძლება იგულისხმოთ, რომ ამ განრიდებით მან ხელი მოიქნია და ამ დროს შეიძლება ვიღაცაზე იძალადა, ეს შეფასების ნაწილია. ბავშვი გულახდილად საუბრობს, ის თავს არ იძვრენს პასუხისმგებლობისგან” – განაცხადა გაბელიამ.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დღეს 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლებიც მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.