“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმაურება გიგი უგულავას განცხადებას, რომ ოპოზიცია რეგიონებში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე ვერ თანხმდება. ხვიჩიას თქმით, ენმ მთავარი ოპოზიციური პარტიაა, აქედან გამომდინარე მას აქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, ხელი არ შეუშალოს საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესს.
“ჩვენ გვქონდა ნათქვამი, რომ არ დავაყენებდით არსად მაჟორიტარებს, რომ არ შეფერხებულიყო საერთო ოპოზიციური კანდიდატების დაყენების პროცესი. მოვუწოდებთ “ნაციონალურ მოძრაობას”, მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი, მოხდეს ოპოზიციის კონსოლიდაცია და მან ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს, ნუ იქნება ამის შემაფერხებელი.
თუკი ნაციონალური მოძრაობა არ დაუბრუნდება მაგიდას, ჩვენ, გირჩს მოგვიწევს, ინდივიდუალურად, მაჟორიტარების კანდიდატებთან საუბარი იმ იდეებზე, რაც გირჩს გააჩნია და ამის შემდეგ მხარდაჭერა. გვინდა რომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარული კანდიდატებით გავიდეს არჩევნებზე. ეს არის გამარჯვების წინაპირობა”.
ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა და ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რაც შეიძლება მალე შეთანხმდნენ და წარადგინონ ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები.
უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რეგიონებში 22-ვე ოლქში მაჟორიტარული კანდიდატების დაყენებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ენმ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ოპოზიციაც დააყენებს კანდიდატს, რომელიც ასევე კონკურენციაში იქნება მათთან(ენმ-სთან).