აზერბაიჯანულ საინფორმაციო პორტალ haqqin.az-ზე გამოაქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვამდე რამდენიმე დღით ადრე, სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების მსხვილი პარტია შევიდა, საქართველოში აჟიოტაჟი მოჰყვა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანული ონლაის გამოცემის haqqin.az-ის სტატიას, რომლის მიხედვითაც, სერბეთიდან და რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნაღმტყორცნები ჩაიტანეს, დეზინფორმაციას უწოდებს. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ.
„თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს“, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა და ასევე, აღნიშნულია, რომ გამოცემისთვის ფაქტის შესახებ სამხედრო წყაროებიდან გახდა ცნობილი.
მოგვიანებით, 21 ივლისს, Haqqin.az-მა გაავრცელა ფოტოები, რომელზეც, სააგენტოს მტკიცებით, ჩანს აღნიშნული გადაზიდვის ფაქტი.
აზერბაიჯანული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. მისი თქმით, ფოტო, რომელიც გამოცემამ ბრალდებების დასამტკიცებლად გამოიყენა, რეალურად არავითარ ინფორმაციას არ იძლევა და მტკიცებულებად ვერ გამოდგება – “ნანახი გაქვთ ეს ფოტო? ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე და რა შეიარაღება?” – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
რას ამბობს ოფიციალური ბაქო?
ოფიციალურ დონეზე აზერბაიჯანს საქართველოს საკითხი არ დაუყენებია და კითხვები გააჟღერა მხოლოდ სერბეთის მისამართით. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში იტყობინებიან, რომ არსებობს „საიმედო და დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერბეთიდან სომხეთში სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალა ჩავიდა“.
20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სერბეთის რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში, დანიცა ვეინოვიჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მინისტრის მოადგილეს, ხალაფ ხალაფოვს შეხვდა. სააგენტო apa.az-ის ინფორმაციით, “შეხვედრაზე, მიღებული სანდო და დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, ხალაფოვმა აღნიშნა, რომ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მათ შორის, ნაღმტყორცნები და სხვადასხვა კალიბრის იარაღი, სერბეთიდან სომხეთში ჩავიდა“. თავის მხრივ სერბეთის ელჩმა თქვა, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
როგორ გამოეხმაურა ქართული მხარე haqqin.az-ის სტატიას?
„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ – გამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო აზერბაიჯანის სტატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აღნიშნულზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც. მისი თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება. პრემიერის შეფასებით, საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ მედიის მიერ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებასთან.
რა გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულ საკითხს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში?
ენმ აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განმარტებების გაკეთებას ითხოვს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, თუ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებას, მეორე მხრივ, კი ხელისუფლება რუსეთს დავალებების შესრულებაზე უარს ვერ ეუბნება.
რას ფიქრობენ ექსპერტები?
ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, haqqin.az-მა გაავრცელა სრულიად არალოგიკური ინფორმაცია, ვინაიდან სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსული ბაზა და ქვეყანას არაფერში არ სჭირდება სერბეთიდან იარაღის შეძენა. როგორც შარაშენიძემ “მეტრონომს” განუცხადა, haqqin.az ე.წ ყვითელი სააგენტოა და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია არ არის სანდო.
“რაში სჭირდება სომხეთს სერბეთიდან იარაღის ყიდვა? სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსული ბაზა, ყველაფრის ყიდვა შეუძლიათ. ხომ გაცილებით მარტივია? ეს ბევრად იაფიცაა, ვიდრე სერბეთიდან იარაღის ზიდვა. თუ რუსეთიდან არა, მაშინ ირანიდან იყიდდა იარაღს და არა სერბეთიდან, ირანი ხომ ამ კონფლიქტში ყოველთვის სომხეთის მხარეს იდგა. ერთი სიტყვით, ფაქტის გასამყარებლად აღნიშნულ გამოცემას არანაირი უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
არც ვაპირებ კომენტარი გავაკეთო იმაზე, რა მოხდება, თუკი აზერბაიჯანული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება, ვერ დავუშვებ, სრულიად არალოგიკური და აბსურდულია. ოფიციალურ ბაქოსაც არ დაუჯერებია და სერიოზულად არ აღუქვამს Haqqin-ის სტატია. ის ფაქტი, რომ ჩვენი ელჩი არ დაუბარებიათ, ეს ბევრზე მეტყველებს,” – განაცხადა შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის გამო მეზობლებს შორის 30-ზე მეტი წლის წინ დაწყებული კონფლიქტი გამუდმებით მწვავდება. უკანასკნელი შეიარაღებული დაპირისპირება 2020 წლის 12 ივლისს მოხდა. წინა წლების დაპირისპირებებისგან განსხვავებით, კონფლიქტის ეპიცენტრი ყარაბაღისგან მოშორებით, ტავუშის რეგიონში, საქართველოდან 55 კმ-ში მდებარეობს. მხარეები ვითარების ესკალაციასა და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ნათია ალავიძე