გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი 27 ივლისს პროკურატურას მიმართავს. მიხეილ რამიშვილს აინტერესებს, საიდან მოხვდა მედიაში 23 წლის ახალგაზრდა ქალის პირადი ინფორმაცია მის ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ, რომელზეც წვდომა მხოლოდ გამოძებას აქვს. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი “პოსტ ფაქტუმთან” საუბრობს.
“წავიკითხე ის მოთხოვნები, რაც გაგზავნილია და თუ ისე გავიდა საგამოძიებო ორგანოებიდან, რომ ჩემამდე არ მოსულა და მე გუშინ გამაცნეს და გუშინ ვნახე ჩემი თვალით, მაშინ, აღარ დავასრულებ იმ სიტყვას, რა სიტყვაც ამას მოყვება, როდესაც მე ხვალ მივალ და იქ დამხვდებიან მთელი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები და პასუხის გაცემა მოუწევთ, საიდან აღმოჩნდა ტელევიზიაში და გადაცემებში აღნიშნული ინფორმაცია” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე 75 000 ლარი ფიქსირდებოდა.
ცნობისათვის, 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ კიდევ ის არის ცნობილია, რომ მის ავტომანქანაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი იპოვეს.